Airbus-ის წარმომადგენელი - საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა
თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
კომპანია Airbus-ის წარმომადგენგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ, ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეოდთოლოგიის დანერგვა.
მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.
,,Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდების ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუსხნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი, რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ“, – აცხადებს სირილ ფაბრე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.