„აიპლუსში“ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორს პასუხობენ
„აიპლუსი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აიპლუსი“ ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების საშუალებით ახორციელებს, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
„ეფლის“ (Apple) ოფიციალური პარტნიორი „აიპლუსი” როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას.„აიპლუსის“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, „აიპლუსის“ ფილიალზე განხორციელდა როგორც შეიარაღებული თავდასხმა, ასევე არაერთი ძარცვის ფაქტი. უმრავლეს შემთხვევაში „აიპლუსმა“ მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. „აიპლუსი” ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორციელებული ძალადობა და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.
„აიპლიუსი“ ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, რომელშიც გვეხარჯება, როგორც ფინანსური ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა, თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ სრულად აცნობიერებენ, რომ უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას მათ წინააღმდეგ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „აიპლუსის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. როგორც ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას, დაწყებულია საკითხის შესწავლა.