აინშტაინის მიერ შესრულებული ფარდობითობის თეორიის ხელნაწერები აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა — #1tvმეცნიერება
აინშტაინის მიერ შესრულებული ფარდობითობის თეორიის ხელნაწერები აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა — #1tvმეცნიერება

პარიზში გამართულ აუქციონზე ალბერტ აინშტაინის მიერ შესრულებული ფარდობითობის თეორიის ხელნაწერები რეკორდულ ფასად, 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს ყველაზე მაღალი თანხაა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ გენიოსი მეცნიერის რომელიმე ხელნაწერში.

მოიცავს ფიზიკოსის საკვანძო მიღწევის, 1915 წელს გამოქვეყნებული ფარდობითობის ზოგადი თეორიისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.

კრისტის აუქციონი ვარაუდობდა, რომ ხელნაწერები 2-3 მილიონ ევროდ გაიყიდებოდა.

აინშტაინის ნამუშევრებს შორის წინა რეკორდები ეკუთვნოდა 2018 წელს 2,8 მილიონ დოლარად გაყიდულ „ღმერთის წერილს“ და 2017 წელს 1,56 მილიონ დოლარად გაყიდულ წერილს ბედნიერების საიდუმლოს შესახებ.

ფასების შეთავაზება 1,5 მილიონი ევროდან დაიწყო, მაგრამ მალევე ასცდა აუქციონის მესვეურთა მიერ ნავარაუდევ ფასებს.

აუქციონი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში ასამდე კოლექციონერი მონაწილეობდა. უცნობია გამარჯვებულის ვინაობა ან მოქალაქეობა.

23 ნოემბერს გაყიდული 54-გვერდიანი ხელნაწერი დოკუმენტი 1913-1914 წლებში, ციურიხშია შესრულებული აინშტაინისა და მისი კოლეგის, შვეიცარიელი ინჟინრის, მიკელე ბესოს მიერ.

კრისტის აუქციონის განცხადებით, ხელნაწერი სწორედ ბესოს წყალობით შემორჩა შთამომავლობას.

მათივე განცხადებით, ეს თითქმის სასწაულია, რადგან თავად გენიოს ფიზიკოსს უბრალო სამუშაო დოკუმენტი ალბათ არაფრად მიაჩნდა.

ხელნაწერში აინშტაინი განიხილავს ფარდობითობის ზოგად თეორიას, რომელიც მან თავის 1905 წელს გამოცემულ მისივე ფარდობითობის სპეციალურ თეორიას დააფუძნა.

აინშტაინი 1955 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსად მიიჩნევა.

მის მიერ შემუშავებულმა ფარდობითობის თეორიებმა ფიზიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან შემოიტანა სივრცესა და დროში ობიექტთა მოძრაობის მიმოხილვის ახალი გზები.

1913 წელს, ბესომ და აინშტაინმა გადაწყვიტეს გადაეჭრათ პრობლემა, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებას ათწლეულების განმავლობაში უბნევდა თავგზას: პლანეტა მერკურის ორბიტის ანომალია.

თავდაპირველი ხელნაწერი რამდენიმე მცირე შეცდომას შეიცავდა; მას შემდეგ, რაც აინშტაინმა ისინი შენიშნა, ქაღალდები გადაყარა. თუმცა, ბესომ ისინი აიღო და შეინახა.

კრისტის აუქციონის განცხადებით, აინშტაინის მიერ ამ პერიოდში შესრულებული სამეცნიერო დოკუმენტები უკიდურესად იშვიათია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.