„აიფიემი“ ადასტურებს, რომ ჩაატარა კვლევა, რომელიც მოიცავდა საზოგადოების დამოკიდებულებას პროტესტის ფორმების მიმართაც და აღნიშნავს, რომ მოხდა თემის პოლიტიზება
„აიფიემი“ ადასტურებს, რომ ჩაატარა კვლევა, რომელიც მოიცავდა საზოგადოების დამოკიდებულებას პროტესტის ფორმების მიმართაც და აღნიშნავს, რომ მოხდა თემის პოლიტიზება

კომპანია „აიფიემი“ მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანია განმარტავს, მის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული კვლევა მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, ასევე პროტესტის ფორმებსა და სხვა სოციალურ საკითხებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცალკეული პოლიტიკური აქტორებისა და ჟურნალისტების მიერ თემის პოლიტიზება მოხდა.

„აიფიემი“ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გვსურს განმარტება გავაკეთოთ, ბოლო დღეებში, ჩვენ შესახებ გავრცელებულ მორიგ დეზონფორმაციასთან დაკავშირებით.

გასული თვეების განმავლობაში კომპანია „აიფიემი“ ატარებდა World Value Survey-ზე დაფუძვნებულ კვლევას, რომელიც მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებს და სხვა სოციალურ საკითხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამ ტელეკომპანიას მივეცით ინფორმაცია კვლევასთან დაკავშირებით, შევთავაზეთ მათ გაცნობოდნენ World Value Survey კითხვარს, ცალკეული პოლიტიკური აქტორების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესების გამტარი ჟურნალისტების დამსახურებით, მაინც მოხდა თემის პოლიტიზება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის სიზუტე, გაეცნონ World Value Survey-ს კვლევას, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია „აიპიემის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციამ კომპანია „აიფიემს“ დაუკვეთა კვლევა, სადაც კითხვაზე – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ – მოქალაქეებს ერთ-ერთ ასარჩევ პასუხად შესთავაზეს – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.