„აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები ხვალიდან გაფიცვას აანონსებენ
„აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები ხვალიდან გაფიცვას აანონსებენ

აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები ხვალიდან გაფიცვას აანონსებენ. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი, რომელიც 27 მაისს დასრულდა, უშედეგოა და ახლა მოთხოვნების შესასრულებლად პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.

ბორჯომის თანამშრომლები გაფიცვას ექვსი მთავარი მოთხოვნით ხვალ, 18:00 საათზე დაიწყებენ.

„31 მაისს ბორჯომში, ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ბორჯომის პირველ და მეორე ქარხანაში დასაქმებულთა უვადო სრულმასშტაბიანი გაფიცვა, სადაც დასაქმებულები მოითხოვენ – უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას; ხელფასების დარიცხვას; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას; უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასები 25-%ით ზრდას; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას; კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.

კომპანიის მხრიდან ხორციელდება გარკვეული პროვოკაციული ქმედებები დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ „აიდიეს ბორჯომი საქართველოს!”, – ნათქვამია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.