აიათოლა ალი ჰამენეი აშშ-ის მიერ ბირთული შეთანხმების დატოვებას „თეატრალიზებულ შოუდ“ აფასებს
აიათოლა ალი ჰამენეი აშშ-ის მიერ ბირთული შეთანხმების დატოვებას „თეატრალიზებულ შოუდ“ აფასებს

აიათოლა ალი ჰამენეი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთული შეთანხმების დატოვებას „თეატრალიზებულ შოუდ“ აფასებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის ქმედებამ ნათლად აჩვენა, რომ ირანმა საქმე არ უნდა დაიჭიროს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ისლამურ რესპუბლიკას ურთიერთობა ვერ ექნება ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს, საკუთარ ხელმოწერას არაფრად აგდებს და ამ თეატრალიზებულ შოუში შეთანხმების დატოვებაზე საჯაროდ საუბრობს“,- განაცხადა აიათოლა ალი ჰამენეიმ.

ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალწლიან გამოცდილებაზეც ისაუბრა. ჰამენეის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონი დაკისრებულ ვალდებულებებს არასოდეს ასრულებდა.

ეს ირანის სულიერი ლიდერის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. მაიკ პომპეოს მიერ წარდგენილ 12 მთავარ მოთხოვნაში ბირთვულ საკითხთან ერთად ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლაც არის.