როტერდამში დე კუიპის სტადიონზე გამოვლინდა ჰოლანდიის თასის მფლობელი. ამსტერდამის აიაქსმა ფინალში 4:0 გაანადგურა ვილემი.
ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. გოლის ავტორი გახდა დელეი ბლინდი, რომელსაც საგოლე პასი დუშან ტადიჩმა მისცა. ერთი წუთის შემდეგ, ჰაკიმ ზიეჩის პასით, ანგარიში კლაას-იან ჰუნტელაარმა გაზარდა. მანვე მეორე ტაიმის შუაში დუბლი შეასრულა. ამ შემთხვევაში, საგოლე გადაცემა დონი ვან დე ბეეკისა იყო. მეოთხე გოლი ვილემის კარში რასმუს კრისტენსენმა გაიტანა.
აიაქსმა მეცხრამეტედ მოიგო ჰოლანდიის თასი, რაც ტურნირის რეკორდია. ეს პირველი ტიტულია გუნდისთვის მიმდინარე სეზონში. ამსტერდამელები ლიდერობენ ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომლის დამთავრებამდე ორი ტურია დარჩენილი, ასევე მოგებული აქვთ (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი ტოტენჰემის წინააღმდეგ.