ერედივიზიონის მეექვსე ტურში ნიდერლანდების მოქმედმა ჩემპიონმა „აიაქსმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა – 13:0 დაამარცხა „ვენლო“.
ამსტერდამელების იოლ მოგებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რადგან „ვენლოს“ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, ხოლო ბოლო 30 წელიწადში „აიაქსის“ წინააღმდეგ მხოლოდ ერთ მატჩში აიღო ქულა, როცა 2007 წელს ფრე ითამაშა.
პირველი ტაიმი ფავორიტმა 4:0 მოიგო. ამის შემდეგ, „ვენლოს“ ფეხბურთელი გაუძევეს და „აიაქსს“ ორი შთამბეჭდავი ხუთწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა:
54-დან 59-ე წუთამდე ოთხი გოლი გაიტანა, 74-დან 78-ე წუთამდე – კიდევ სამი. დარჩენილ დროში „ვენლოს“ კარში კიდევ ორი ბურთი შევარდა – 0:13.
ეს არის „აიაქსის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება. წინა რეკორდი 1972 წლით თარიღდებოდა – მაშინ ამსტერდამელებმა „ვიტესს” 12:1 მოუგეს.
მატჩის გმირი ლასინა ტრაორე გახდა. მან ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე რომ, მან 13-დან რვა გოლში მიიღო მონაწილეობა. არადა, ამ მატჩამდე ტრაორეს არც ერთი გოლი და არც ერთი შედეგიანი გადაცემა არ ჰქონია, ახლა კი ერედივიზიონის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა, „გოლი+პასის“ სისტემით – პირველზე.
საინტერესოა, რომ ამ სეზონში ერედივიზიონის არც ერთ სხვა გუნდს ჯამში არ აქვს გატანილი 13 გოლი.