„აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური თითქმის სამწლიანი კომიდან გამოვიდა, იტყობინება მის ძმაზე დაყრდნობით პორტალი „გივმისპორტი“. 2017 წელს, ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დროს, ნურის გულის არითმიის შეტევა დაემართა, რის გამოც ტვინის პერმანენტული დაზიანება მიიღო.
რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ფეხბურთელის ძმამ, აბდერაჰიმ ნურიმ, ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ აბდელჰაკი კომიდან გამოვიდა და ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც ამყარებს.
„სახლში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა და ახლაღა დაბრუნდა ნაცნობ გარემოში. უნდა გითხრათ, რომ ახლა უკეთ არის, ვიდრე მაშინ, როცა საავადმყოფოში იყო. გაცნობიერებული აქვს, სად იმყოფება და ისევ საოჯახო გარემოშია, ჩვენთან ერთად. კომაში აღარ არის“, – ამბობს აბდერაჰიმ ნური.