ფეხბურთელების დასჯაზე თუ მიდგა საქმე, ყველაზე გავრცელებული მეთოდები დისკვალიფიკაცია ან ჯარიმებია და ეს არავის უკვირს. მიუხედავად ამისა, ამსტერდამის აიაქსში მსგავს საკითხს სულ სხვაგვარად უდგებიან.
რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ამსტერდამელების ახალ შენაძენს, 19 წლის გოლკიპერ კიელ შერპენს, აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა და საფეხბურთო დირექტორმა მარკ ოვერმარსმა უბრძანეს, ათასჯერ დაეწერა რვეულში ფრაზა: „აიაქსი ნიდერლანდების საუკეთესო კლუბია“.
რა იყო ამის მიზეზი?
საქმე ის არის, რომ ბავშვობაში შერპენის საყვარელი კლუბი აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე, როტერდამის ფეიენოორდი იყო და 2011 წელს, სოციალურ ქსელში, მას ამსტერდამელთა შესახებ არც თუ სასიამოვნო სიტყვები დაუწერია. ეს ამბავი აიაქსის ხელმძღვანელობის ყურამდე მივიდა და მათ ასეთი ხერხით გადაწყვიტეს ახალგაზრდა მოთამაშისთვის „ტვინის ჩასწორება“.