„აიაქსში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწის, ვან დერ გააგის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ, – იუწყება The Athletic.
გამოცემის ინფორმაციით, 51 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის კანდიდატურა „აიაქსს“ თავად ლუი ვან გალმა შესთავაზა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს გარიგება ამსტერდამული კლუბისთვის ადვილად მისაღწევი არ იქნება, რადგან ვან დერ გააგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში საკვანძო ფიგურაა.
ვან დერ გააგს „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში უმუშავია, შემდეგ კი ტენ ჰაგთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებს შეუერთდა. ნიდერლანდელ სპეციალისტს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
„აიაქსისთვის“ მიმდინარე სეზონი კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელია. ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოსანმა გუნდმა ერედივიზიონში ჩატარებულ ექვს მატჩში მხოლოდ ხუთი ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.