აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა
აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ფაიზ აჰმედ კიდვაიმ განაცხადა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.
თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენისას მალევე დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ავიალაინერი ლონდონის გეთვიკის აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გუჯარათის შტატის მთავარმა მინისტრმა დაშავებული მგზავრების ტრანსპორტირებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნის განკარგულება გასცა.
განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია Air India-მაც, სადაც სამძიმარს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ დაზუსტებულ და დადასტურებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
„ამ მომენტში ჩვენი მთავარი მიზანია ყველა დაზარალებულისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ადგილზე საგანგებო რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად და დაზარალებულებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად“, – აცხადებენ ავიაკომპანია Air India-ში
მომხდარი ავიაკატასტროფის გამო აჰმედაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერდა.