აჰმედ ჩატაევის თბილისში ლიკვიდაციის შესახებ BBC წერს
აჰმედ ჩატაევის თბილისში ლიკვიდაციის შესახებ BBC წერს

ძებნილი ჩეჩენი ჯიჰადისტის აჰმედ ჩატაევის საქართველოში ლიკვიდაციის შესახებ BBC წერს.

სააგენტოს ცნობით, სტამბოლის აეროპორტზე გასულ წელს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩატაევი, თბილისში ერთი კვირის წინ, 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ჩატაევმა ალყაში მოქცეულ ბინაში აიფეთქა თავი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოიძების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს დახმარება აშშ-ის კონტრტერორისტული სამსახურის ექსერტებმა გაუწიეს.

ჩატაევი და მასთან ერთად მყოფი ამ დრომდე დაუდგენელი ორი პირი, საქართველოს სპეცდანიშნულების ძალებმა თბილისის მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში მიიმწყვდიეს. მიმდებარე ტერიტორიიდან მეზობლების ევაკუაციისა და მებრძოლების მხრიდან მოლაპარაკებაზე უარის გაცხადების შემდეგ, ორმხრივი სროლა დაიწყო. შეტაკების შედეგად, ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

გასულ წელს, სტამბოლის აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმის ორგანიზატორად, სწორედ აჰმედ ჩატაევი დაასახელა და პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დააკისრა.

აჰმედ ჩატაევი პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობის ბრალდებით 2012 წელს დააკავა, თუმცა მან თავდებით გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა“, – წერს BBC.