აჰმედ ალ-შარაა - აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს სირიიდან ისრაელის ჯარის გასვლას
აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს სირიიდან ისრაელის ჯარის გასვლას, – ამის შესახებ სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, სირია ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების მისაღწევად საკმაოდ დიდი გზა გაიარეს, თუმცა, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ისრაელი 8 დეკემბრამდე არსებულ საზღვრებში უნდა დაბრუნდეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან ერთადაა ამ მოლაპარაკებებში და ამ მხრივ ჩვენს პერსპექტივას მრავალი საერთაშორისო მხარე უჭერს მხარს. დღეს ჩვენ დავადგინეთ, რომ ბატონი ტრამპიც მხარს უჭერს ჩვენს პერსპექტივას და ის რაც შეიძლება სწრაფად ეცდება ამ საკითხის გადაწყვეტას“, – აღნიშნა აჰმედ ალ-შარაამ.
სირიის ლიდერის მტკიცებით, ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული მოქმედებები არ არის გამოწვეული მათი უსაფრთხოების შეშფოთებით, არამედ მათი ექსპანსიონისტური ამბიციებით.