აჰმად ალილი - აზერბაიჯანს სურს, რუს სამხედროებს რაც შეიძლება მალე დაემშვიდობოს
აჰმად ალილი - აზერბაიჯანს სურს, რუს სამხედროებს რაც შეიძლება მალე დაემშვიდობოს

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ პირველად შეხვდნენ პირისპირ. რუსეთის დედაქალაქში 11 იანვარს გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მათ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ყარაბაღში სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაა გაწერილი. კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზისა და რკინიგზის აღდგენა-გაყვანაზე. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება რუსეთსა და ირანს, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთის გავლით – თურქეთს. ამასთან, ჯერ გაურკვეველი რჩება რუსი სამხედროების მანდატის საკითხი. ამ თემებზე საქართველოს პირველი არხი კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, აჰმად ალილის ესაუბრა. 

აზერბაიჯანისთვის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების ყველზე მნიშვნელოვანი შედეგი რა არის და რა მოუტანა ამ შეხვედრამ სომხეთს?

– აზერბაიჯანისთვის ამ შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება გრძელდება. ამ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა კიდევ ერთი საკითხი. ეს გახლავთ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი სატრანსპორტო დერეფანი. ზოგიერთი ამ დერეფნის ამოქმედების წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა მოსკოვში ხელმოწერილმა განცხადებამ ცხადყო, რომ მხარეები ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად მზად არიან. აზერბაიჯანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს.

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ არაერთი ახალი საკითხი წამოიჭრა. მაგალითად, ბაქოში უკმაყოფილო არიან რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების ქცევით. სამშვიდობოების ზოგიერთი ქმედება მიუღებელია აზერბაიჯანის საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვისაც. ისმის ბევრი ბრალდება. მათ შორის ის, რომ სამშვიდობოები აშენებენ სახლებს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რეგიონში ჩააქვთ სამედიცინო აღჭურვილობა, აშენებენ ჰუმანიტარულ ცენტრს, აგზავნიან მთიან ყარაბაღში ნახევრად სამხედრო პერსონალს და შესაბამისად, არღვევენ რეგიონში დისლოცირებული სამხედროების რაოდენობაზე დაწესებულ ლიმიტს, რაც 10 ნოემბრის გაცხადებით არის განსაზღვრული. აზერბაიჯანში ეს არ მოსწონთ და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ცდილობენ.

აზერბაიჯანი ცდილობს, რეგიონში რუსეთის გავლენის ზრდას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩემი აზრით, რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, რადგან აზერბაიჯანს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ოფიციალური დოკუმენტისთვის, რომელითაც რუსი სამშვიდობოების მანდატი დადგინდება. რუსეთმა და სომხეთმა ეს დოკუმენტი უკვე გააფორმეს, თუმცა აზერბაიჯანს ეს არ გაუკეთებია. ამ გზით აზერბაიჯანი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში რუსი სამშვიდობოების მანდატის შესახებ გადაწყვეტილება უფრო თავისუფლად მიიღოს. მოსკოვი კი მოუწოდებს ბაქოს, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი დოკუმენტს. სწორედ ამიტომ, მოსკოვი საჯაროდ ახდენს დემონსტრირებას, ვიდრე აზერბაიჯანი რუსი სამშვიდობოების მანდატის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, სამშვიდობო ფუნქციებზე მეტი შეასრულონ. ამ ნაბიჯებით რუსეთი აზერბაიჯანს აღიზიანებს. ერევანშიც არიან ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოდიან. ბაქოს კი რეგიონული ეკონომიკური პლატფორმის დაფუძნება სურს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხები სომხეთის ლიდერთან განხილვა, რადგან ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. შესათანხმებელია ბევრი დეტალი. არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვდნენ საფრანგეთში ან აშშ-ში. ასეთი რამ ადრეც გვინახავს.

2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, რუს სამხედროებს აქვთ უფლება, რეგიონში სულ მცირე ხუთი წელი დარჩნენ. თქვენი აზრით, რუსი სამხედროების იქ ყოფნა აზერბაიჯანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს?

– აზერბაიჯანი ცხადია, აცნობიერებს რისკებს, მაგრამ ბაქოში მიიჩნევენ, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავება შეუძლიათ. აზერბაიჯანს აქვს გამოცდილება. აზერბაიჯანი პირველი იყო, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში რუს სამხედროებს საკუთარი ტერიტორიების, კერძოდ ნახიჩევანის რესპუბლიკის დატოვება მოსთხოვა. 2013 წელს აზერბაიჯანმა მოახერხა და დაატოვებინა რუსეთს გაბალას რადიოლოკაციური სადგური. ახლა ბაქოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში მოპოვებული სტატუსის შენარჩუნება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ამაყობდა, რომ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც რუსი სამხედროები არ იმყოფებიან. როგორც იცით, სომხეთში დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, ასეა მოლდოვის შემთხვევაშიც. ამიტომ აზერბაიჯანი ამ კუთხით ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა და ეს ბაქოსთვის დიდი მიღწევა იყო. ეს იყო ერთგვარი გზავნილი დანარჩენი სამყაროსთვის, რომ აზერბაიჯანი სრულად დამოუკიდებელია და შეუძლია, საგარეო პოლიტიკა თავისუფლად აწარმოოს. ეს სახელი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია და ბაქო ამ სტატუსის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ, აზერბაიჯანს სურს, რუს სამხედროებს რაც შეიძლება მალე დაემშვიდობოს.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის სტატუსს – როგორც მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს საკითხი ჯერ გადაუჭრელია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რეგიონში მშვიდობას კვლავ საფრთხე ემუქრება?

– ამ კითხვას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი, რაც შეეხება მთიანი ყარბაღის სტატუსს. ახლა ამ საკითხზე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის კონსენსუსი მიღწეულია. მათი გადაწყვეტილებით, სტატუსის საკითხი სამომავალოდ უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე რეგიონში ეთნიკური და რელიგიური სტაბილურობა უნდა იყოს მიღწეული, შემდეგ შეიძლება სტატუსზე საუბარი. ამ საკითხზე რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კონსენსუსი მიღწეულია. სომხეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ, რომ ეს საკითხი წინ წამოწიოს. მიუხედავად ამისა, კრემლში გამართულ შეხვედრაზე ეს თემა აზერბაიჯანისა და მოსკოვის მხრიდან იგნორირებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ იქნება. მომავალში კი, საკითხი მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა და სომხებმა უნდა გადაწყვიტონ. ახლა აზერბაიჯანის მთავარი მოთხოვნა იყო, სომხეთის სამხედრო ძალებს მთიანი ყარაბაღი დაეტოვებინათ და ბაქომ ამ მიზანს მიაღწია. ახლა აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის სომხეთთან განხილვა საჭირო არ არის. ერთადერთი, რის განხილვასაც აზერბაიჯანი სომხეთთან თანხმდება, არის ეკონომიკური თანამშრომლობა.

რაც შეეხება მეორე კითხვას, არსებობს თუ არა რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხე. აზერბაიჯანს სურს ეკონომიკური თანამშრომლობა და სტატუს-კვოს შეცვლა ამ ეტაპზე ბაქოს გეგმებში არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ვხედავთ რევანშისტულ განწყობებს, ვფიქრობ, სომხეთს ამის შესაძლებლობა არ აქვს, არც დემოგრაფიული და არც ეკონომიკური კუთხით. აზერბაიჯანმა სამხედრო სფეროში დიდი ინვესტიცია დააბანდა. ამის შესაძლებლობა, ჩემი აზრით, სომხეთს არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობას არ დაარღვევენ, მაგრამ ახლა რეგიონში წარმოდგენილია ორი დიდი ძალა – რუსეთი და თურქეთი, რომელთა კონფლიქტი სამომავალოდ არ შეიძლება, გამოვრიცხოთ. ამიტომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა მომავალში რეგიონში მშვიდობას საფრთხე არ შეექმნას.

მინდა, გკითხოთ მოსკოვში ხელმოწერილ განცხადებაზე, რომლიც ყარაბაღში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზასა და რკინიგზაზე. როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყო ალტერნატივა იმ სატრანზიტო გზისთვის, რომელიც დღეს საქართველოზე გადის.

– ამ ორ გზას კონკურენტად არ განვიხილავდი, რადგან აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა. 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის სტრატეგიული ღერძი, რომელიც მთელ რეგიონს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, რეგიონის სახელმწიფოების ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გარეშე საქართველოც და აზერბაიჯანიც უფრო დასუსტდებიან. სწორედ ამიტომ ცდილობს აზერბაიჯანი საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკურად და ენერგეტიკული პროექტებით, ხოლო საქართველო აზერბაიჯანს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს პლატფორმა და გზა, რათა აზერბაიჯანი გარე სამყაროს დაუკავშირდეს.

დღეს ეს სტრატეგიული ღერძი მუშაობს. საქართველო და აზერბაიჯანი თუ არ ითანამშრომლებენ, ეს ღერძი დაირღვევა, რაც ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მისწრაფება შესუსტდება. ბაქოში ამას აცნობიერებენ და ამიტომ ახლა მთავარი მიზანია, გამოძებნოს ახალი გზები საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ეს გაამყარებდა სტრატეგიულ ღერძს, რომელზეც ვისაუბრე და მთელ რეგიონს დააახლოებდა ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უფრო ხშირად სტუმრობენ ევროკავშირს. ბაქო ასევე ცდილობს, გააღრმავოს თანამშრომლობა აშშ-სთან და სხვა აქტორებთან, რითაც მთიან ყარაბაღში რუსეთის ყოფნას დააბალანსებს. მოსკოვში ხელმოწერილ განცხადებიდან დანამდვილებით რაც ვიცით, არის ის, რომ ამოქმედდება დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან წვდომას გაზრდის. სხვა ქვეყნები კი ნახიჩევნათან დაკავშირებით აზერბაიჯანზე ზეწოლას ვერ შეძლებენ და ეს აზერბაიჯანს პოლიტიკურად მეტ თავისუფლება აძლევს, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

და იმ ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმაზე, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს – მან მოუწოდა მეზობელ ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოს, თანამშრომლობისკენ. თქვენი აზრით, ამ პლატფორმაში რუსეთის ყოფნა არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი? რა პროექტები შეიძლება იყოს საინტერესო საქართველოსთვის?

– მე ასე ვიტყოდი – თუ იარსებებს პლატფორმა, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ცნობდნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა პრობლემას შეუქმნის საქართველოს, მაგრამ მას შეუძლია, პრობლემა შეუქმნას რუსეთს, რადგან მან უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აზერბაიჯანი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მაგალითზეც. აზერბაიჯანის პოზიცია მკაფიო იყო. ამიტომ, აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ შელახავს ამ პრინციპს.

რაც შეეხება პროექტებს. ვიდრე მთიან ყარაბაღში არსებობს კონფლიქტი და მდგრადი მშვიდობა არ არის მიღწეული, რეგიონში ინვესტიციების დაბანდება ცოტა საერთაშორისო ინვესტორს სურს. შორიდან ხომ ჩვენი რეგიონი ერთ მთლიანობად განიხილება. ინვესტორების ფულის დაბანდებისას სურთ, რომ ამ რეგიონის ყველა ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური პლატფორმა იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ყველასთვის, რომ რეგიონში არის მშვიდობა და ინვესტიციების დაბანდება ყველას შეუძლია. ეს დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანსაც.