აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„მუდამ უნდა გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.

მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.