აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ოტავაში გამოფენა გაიმართება
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ოტავაში გამოფენა გაიმართება

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს კანადაში, ოტავაში გამოფენა გაიმართება.

როგორც პირველ არხს კანადაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განუცხადა, ფოტომასალა, რომელიც ღონისძიებაზე გამოიფინება, აგვისტოს ომს, ასევე პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების საქართველოში ვიზიტს ასახავს.

„ჩვენ კანადაში პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის გავიხსენებთ. 9 აგვისტოს ოტავაში გავმართავთ ღონისძიებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნება. მოვამზადეთ ფოტომასალა, რომელიც ომის პერიპეტიებს ასახავს. ასევე, ლეხ კაჩინსკის და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების მგზავრობას საქართველოში და თანადგომას ქართველი ხალხისადმი.

გვინდა, კანადელებმა მეტი იცოდნენ აგვისტოს ომის შესახებ და იმ მეგობრების, ლიდერების თაობაზე, რომლებიც ყველაზე მძიმე დროს გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და საქართველოს“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა კვლევითი ცენტრის ექსპერტები და ჟურნალისტები არიან მიწვეული.