„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა
პირველ ივლისს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს აგროსექტორში თანამედროვე, კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.
„პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება.
განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა და მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამისა“ და „ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის“ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – ww.rda.gov.ge.