აგროქულები 70 000-ზე მეტ ფერმერს დაერიცხა, ხოლო ​​აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 90 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა
აგროქულები 70 000-ზე მეტ ფერმერს დაერიცხა, ხოლო ​​აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 90 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

10 ივლისის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 70 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 14 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება. ამასთან, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 90 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფერმერებმა 25 000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, სამ მილიონამდე ლარი დაზოგეს.

სააგენტოს ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14 000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1 000-ზე მეტი განაცხადი.

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1 317 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 24 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,9 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს ათ მილიონ ლარს.