აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე 26 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე 26 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად, ქალაქ ზესტაფონში გაეცნო.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავდა. მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 11 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, რაც მათ რვა მლნ-მდე ლარს დაუზოგავს. პროგრამით, ჯამში, 200 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეუფერხებლად მიიღონ მომსახურება, მოხდეს საწვავის დროული მიწოდება. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს პირველ ივლისამდე, აუცილებლად, პირველ ივლისამდე შეიძინონ 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში მოქმედ 11 ავტოგასამართ სადგურზე ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი