აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორი იმედა ალხაზიშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და სადაზღვევო კომპანიის, „თიბისი დაზღვევის“ წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ დავით ქემოკლიძეს შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დავით ქემოკლიძეს 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 პროცენტი გაუნადგურა.

მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 42 900 ლარს სადაზღვევო კომპანიისგან „თიბისი დაზღვევა“ მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე 7 015 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად 30 პროცენტი გადაიხადა, ხოლო 70-პროცენტიანი თანადაფინანსება, 4 911 ლარი სახელმწიფოსგან მიიღო.

„დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია, დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, შესაძლებელია, დამზღვევს დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი“, – აღნიშნა აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა, იმედა ალხაზიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70-პროცენტიან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის ვაზზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლიდან, ჯამში, 65 000 ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150 700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.