აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. ხუთი ჰექტარი ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.

„წლიდან წლამდე იზრდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, შესაბამისად მზარდია დაზღვეული ფართობებიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70% -ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მევენახე ფერმერს, რომელიც სახელმწიფო აგროდაზღვევის მოსარგებლეა, ზარალი აუნაზღაურდა, ის ასევე მიიღებს ერთჯერადი დახმარების თანხას.

„კახეთში, ძლიერი სეტყვასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ 1 200-მდე შეტყობინება შემოვიდა, ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, კომპენსაციების გაცემა“ -აღნიშნა სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ბუჯიაშვილმა.

სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

დატოვე კომენტარი