გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამინისტროში შესულია 700-ზე მეტი შეტყობინება და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ევროინსის“ დირექტორთან იაკობ ედილაშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ რაჟდენ კაპანაძეს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.

სამინისტროსა ცნობით, სოფელ კარბის მკვიდრს, რაჟდენ კაპანაძეს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 100%. სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 20,700 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ ერთი ჰექტარი ფართობის დაზღვევისთვის 600 ლარი შეადგინა.

„მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს ხუთი ჰა ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 9,834 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 4,985 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,148,239 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 10,473 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 96,497,027 ლარია”, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.