აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალი სადაზღვეო კომპანიებმა სრულად დაითვალეს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობის და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის“ წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნიკოლოზ ნადირაშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახები დაათვალიერა.

„სოფელ მუკუზანის მკვიდრს, ნიკოლოზ ნადირაშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა ოთხი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავლის 30%.

კომპანია „ჯიპიაი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 14,088 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ4,60ჰა ფართობის დაზღვევისთვის 2,935 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს ხუთი ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,884,023 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12,212 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 110,738,197 ლარია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.