აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს ახმეტისა და თელავის რაიონში, სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს ახმეტისა და თელავის რაიონში, სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის პროცესს, აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ

ახმეტისა და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, შემოსულია 786 შეტყობინება. ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა განაცხადა.

ზარალის შეფასების პროცესს ნატალია ხარატიშვილი და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ.

როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2018 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 10,927 პოლისი; პროექტში ჩართულია 6 511 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,276,128 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,048 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 82,738,746 ლარია.

დატოვე კომენტარი