აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელმეორედ განიხილავს
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელმეორედ განიხილავს

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

წინა სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა. კომიტეტის თავმჯდომარემ მიზეზად სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის დაფინანსების შემცირება დაასახელა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, ამ კუთხით გარკვეული კომუნიკაცია შედგა. მისი თქმით, მისასალმებელია, თუ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა და ოთარ დანელიას შენიშვნების გათვალისწინება.

„რა თქმა უნდა, ამ პერიოდში იყო გარკვეული კომუნიკაცია. მინდა, ვთქვა, რომ ძალიან ბევრი დარგია ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მაგრამ ყველა დარგი კომიტეტით არ არის წარმოდგენილი. აგრარული კომიტეტი ცალკე იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ სოფლის მეურნეობას აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონი გახარიას მონაწილეობით პირველად არის ეს ბიუჯეტი შედგენილი, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაანონსებული ზოგადი ხედვა იყოს შესაბამისობაში. ამიტომ არის ეს დაბალანსებული ბიუჯეტი, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის ნაწილში მოხდება გარკვეული დაკორექტირება, მე მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა რომან კაკულიამ.