აგიტ მირზოევი - იზაბელა ოსიპოვას შემთხვევაში კვოტირებას კი არ ვითხოვთ, არამედ მაღალი კომპეტენციის პროფესიონალზე ვსაუბრობთ
აგიტ მირზოევი - იზაბელა ოსიპოვას შემთხვევაში კვოტირებას კი არ ვითხოვთ, არამედ მაღალი კომპეტენციის პროფესიონალზე ვსაუბრობთ

როცა იზაბელა ოსიპოვაზე ვსაუბრობთ, რამე კვოტირებას კი არ ვითხოვთ, არამედ მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალზე ვსაუბრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ, რომ ის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია, – ამის შესახებ იეზიდური თემის წარმომადგენელმა, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ის ამ თემებზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს და მათ შესახებ შიგნიდან, შესანიშნავად იცის“, – განაცხადა მირზოევმა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხელშეწყობა ქვეყნისთვის გამოწვევაა, მაგრამ ამის მიუხედავად, გაგება ვერც ხელისუფლებაში მოინახა და ვერც ოპოზიციაში.

„მრავალი წელია, ჩვენ სამოქალაქო ინტეგრაციაზე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს მონაწილეობა რეალური არ არის“, – განაცხადა მირზოევმა.

როგორც იეზიდური თემის წარმომადგენელმა აღნიშნა, მაშინ, როცა სახალხო დამცველის ოფისში ისეთი სერიოზული ინსტიტუტი მოქმედებს, როგორიცაა საბჭო, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ლიდერებსა და აქტივისტებს აერთიანებს, ომბუდსმენის მიერ იგნორირებულია განცხადება, რომელსაც ხელს ეთნიკური უმცირესობების თითქმის ყველა წარმომადგენელი აწერს.

„ყოველ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობების აზრი გათვალისწინებული არ არის. ამ დროს, ომბუდსმენის აპარატი ჩვენთვის ბოლო საყრდენია. საბჭოს ფარგლებში ჩვენ უამრავი რეკომენდაცია დავდეთ. მათ შორის დავდეთ კრიტიკული შეფასება, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი; რეალურად, პრობლემა სად გვაქვს და წლების განმავლობაში რატომ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს უფლებების დაცვისა და თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა მირზოევმა.

მისი თქმით, ალბათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭო ერთადერთია, რომელიც მოქმედია და ამ საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობები ვერ უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში პროფესიონალური ნიშნით თუნდაც ერთი ადამიანი გაიყვანონ, რათა მან საბჭოში ეთნიკური უმცირესობები წარმოადგინოს და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროცესების შესახებ მათ ინფორმირებულობას ხელი შეუწყოს.

„თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, იზაბელა ოსიპოვა ძალიან კარგ როლს ითამაშებს და ამ კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში სერიოზულ მუხტს შემოიტანს“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა.