Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ
Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული.

„ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა კი, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოფრინდა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მათი აეროპორტში მიღება და სწავლების რაიონებში – სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია უზრუნველყო.
სწავლებას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს“, – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი