აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე – ირანი საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში თუ დაბრუნდება, საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

13:58, 26.06.2026

ირანი საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში თუ დაბრუნდება, მაშინ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი სანიკიძემ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ისაკაძემ ისაუბრა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ, რომელიც, მისივე თქმით, ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ირანი სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე ქვეყანაა და არსებობს გარკვეული პრობლემები. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანთან არსებული პრობლემები. საუბარი მაქვს აზერბაიჯანისა და ისრაელის მჭიდრო კავშირებზე. მეორე არის ცვლილებები სომხეთში და ე.წ. ზანგეზურის დერეფნის რეკონსტრუქციის იდეა, რაც უკიდურესად ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს. წარმოიდგინეთ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ამ დერეფანს გააკონტროლებს აშშ-ი, ირანის საზღვართან განლადებიან ამერიკული სამხედრო ნაწილები. ეს ირანისთვის ძალიან მძიმე ვითარება იქნება. ასევე, სომხეთის „დაკარგვაც“ ძალიან არასასიამოვნო იქნება ირანისთვის. ვითარების გამოსწორების შემთხვევაში, რაზეც ამ ეტაპზე ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, ირანს სანქციები თუ მოეხსნა, რეალურად შეიცვლება ირანში ვითარება და ირანი, რომელიც დღეს ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლებრივი სისტემიდან, დაბრუნდა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ სამხრეთ კავკასიას და, უპირეველესად კი საქართველოს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, როგორც სატრანზიტო გზას ირანის საქონლისთვის ევროპისკენ. ჩრდილოეთ კავკასიის ცნობილი დერეფნის იდეა, რომელის მთავარი შემადგენელიც იყო რუსეთი, უკვე რეალურად მკვდარია. ევროპა აღმოსავლეთთან რუსეთის გავლით არ ივაჭრებს და ბუნებრივია, წინ წამოიწევს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფანი“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი