„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოსა და შვედეთის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო მატჩი გაიმართა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოსა და შვედეთის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო მატჩი გაიმართა

მიხეილ მესხის სახელობის მცირე სტადიონზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოსა და შვედეთის სამოყვარულო გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მატჩში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასევე, საქართველოს გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და სხვადასხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები: ირაკლი ზოიძემ, მამუკა მაჭავარიანმა, გია კვარაცხელიამ, გიორგი დემეტრაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, გოგა გახოკიძემ. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.

„ბავშობიდან მქონდა ორი ოცნება – გავმხდარიყავი დიპლომატი და ფეხბურთელი. წლებია, დიპლომატიურ სამსახურში ვარ, მეორე ოცნება კი დღეს ავისრულე და ქართული ფეხბურთის ლეგენდების გუნდს ვკაპიტნობ.

წელს 10 წელი სრულდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივიდან, რომელიც გახლავთ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე გეოპოლიტიკური პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა, დღეს შემოგვთავაზა ესეთი საინტერესო ღონისძიება, როცა შვედი ფეხბურთელები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად თამაშობენ და ერთობლივად აღნიშნავენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის 10 წლის იუბილეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შვედური მხარის გუნდი დაკომპლექტებული იყო შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებით.

„ამხანაგური თამაშის ჩატარების ორი მიზეზი გვაქვს. უპირველესად, ჩვენ ვზეიმობთ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს, საქართველო კი ლიდერი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე, გვინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვათ იმ მეგობრობას, რაც საქართველოსა და შვედეთს აკავშირებს. ჩვენი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ფეხბურთი კი მეგობრობის განსამტკიცებლად საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩიმა ულრიკ ტიდესტრომმა.

ღონისძიება საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით ჩატარდა.

„შვედებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც ასეთ მატჩებს ხშირად მართავენ. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს შეხვედრა ჩვენთან შედგა“, – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შვედების კარში პირველი გოლი მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, პარლამენტარმა ირაკლი აბუსერიძემ გაიტანა, ხოლო გიორგი დემეტრაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საქველმოქმედო თამაშიდან შემოსული თანხა, დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში დაეხმარება.

საქართველო 2009 წელს ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა და რომლის ინიციატორები იყვნენ შვედეთის სამეფო და პოლონეთის რესპუბლიკა. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.