აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 15 კმ-იან ახალ მონაკვეთებზე მოძრაობა გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 15 კმ-იან ახალ მონაკვეთებზე მოძრაობა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 15 კმ-იან ახალ მონაკვეთებზე მოძრაობა გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.

„მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ორი პარალელური გზაგამტარი და ერთი სატრანსპორტო კვანძი. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადგინა.

მოძრაობა ასევე გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის ხუთ კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.

ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ოთხ ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იან მონაკვეთზე გადაადგილების დროს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.