აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ისეთი ძველი ოსტატები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი და რემბრანდტი, ზეთით შესრულებულ ნახატებში შეიძლება ცილებს იყენებდნენ, განსაკუთრებით კი კვერცხის გულს.

კლასიკურ ზეთის ნახატებში ცილის ნარჩენების კვალი უკვე დიდი ხანია, აღმოჩენილია, მაგრამ ხშირად, ამას უბრალოდ დაბინძურებას მიაწერდნენ. თუმცა, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ცილას სავარაუდოდ განზრახ იყენებდნენ. ეს კი ნათელს ჰფენს მე-16, მე-17 და ადრეული მე-18 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ევროპელ მხატვართა ტექნიკურ ცოდნას, როგორ ამზადებდნენ ისინი საღებავებს.

„ამის შესახებ ძალიან ცოტა წერილობითი წყარო არსებობს და თემის ასე სიღრმისეულად კვლევისთვის აქამდე არც სამეცნიერო სამუშაო ჩატარებულა. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ძლიერ მცირე ოდენობით კვერცხის გულით, ზეთის ნახატის თვისებებში შეგიძლია საოცარი ცვლილება შეიტანო. ნათელი ხდება, რამდენად სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო ის მხატვრებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური პროცესების ინჟინერი ოფელი რანკე.

როგორც ჩანს, ნამუშევრებში კვერცხის გულის დამატებას, ესთეტიკის გარდა, შეიძლება ხანგრძლივი ეფექტებიც ჰქონოდა.

ძველეგვიპტელების მიერ შექმნილი საღებავების, სახელად ტემპერასგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენდა კვერცხის გულის, დაფხვნილი პიგმენტებისა და წყლის ნაზავს — ზეთის საღებავი უფრო ძლიერ ფერს იძლევა, განაპირობებს ფერების ძლიერ ხავერდოვან გადასვლებს და ბევრად უფრო გვიან შრება; შესაბამისად, მისი გამოყენება მომზადებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც შესაძლებელია. თუმცა, ზეთის საღებავი, რომელშიც წყლის ნაცვლად გამოიყენება სელის თესლის ან ალისარჩულის ზეთს, აქვს ნაკლოვანებებიც, მათ შორის — უფრო მგრძნობიარეა ფერის გამუქებისა და სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისადმი.

ვინაიდან საღებავების მომზადება არტიზანული და ექსპერიმენტული პროცესი იყო, არ არის გამორიცხული, ძველ ოსტატებს ნაცნობი ინგრედიენტი — კვერცხის გული დაემატებინათ ახალი ტიპის საღებავისთვის, რომელიც პირველად მე-7 საუკუნეში გამოჩნდა ცენტრალურ აზიაში, შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა, რენესანსის დროს კი იტალიაშიც შევიდა. ახალ კვლევაში, საღებავის დამზადების პროცესი მკვლევრებმა ოთხი ინგრედიენტის გამოყენებით გაიმეორეს — კვერცხის გულის, გამოხდილი წყლის, სელის თესლის ზეთის და პიგნემტის; მათი მიზანი იყო ისტორიულად პოპულარული და მნიშვნელოვანი ორი ფერის შერევა — ტყვიისფერი თეთრის და ულტრამარინისფერის (ხასხასა ლურჯი).

„კვერცხის გულის დამატება სასარგებლოა იმიტომ, რომ მკვეთრად არეგულირებს ამ საღებავების თვისებებს. მაგალითად, სხვაგვარად ძველდება: ამ საღებავის დაჟანგვას უფრო დიდი დრო სჭირდება, რასაც განაპირობებს კვერცხის გულში შემავალი ანტიოქსიდანტები“, — ამბობს რანკე.

ქიმიური რეაქცია ზეთს, პიგმენტსა და კვერცხის გულის ცილებს შორის პირდაპირ ზემოქმედებს საღებავის ქცევასა და სიბლანტეზე.

„მაგალითად, პიგმენტი თეთრი ტყვია საკმაოდ მგრძნობიარეა ტენიანობისადმი, მაგრამ თუ მას ცილის შრით დაფარავ, მისადმი გაცილებით მდგრადი გახდება და საღებავის გამოყენება გაადვილდება. მეორე მხრივ, თუ რაიმე უფრო მკაცრი გსურთ ზედმეტი პიგმენტის დამატების გარეშე, კვერცხის გულის მცირე ნაწილით შეგიძლია შექმნა ძლიერი იმპასტო საღებავი“, — ამბობს რანკე და გულისხმობს ფერწერის მეთოდს, რომელშიც საღებავი ისე სქლად იდება, რომ ჯერ კიდევ ჩანს ფუნჯის შტრიხები.

ნაკლები პიგმენტის გამოყენება საუკუნეების წინ ფრიად სასურველი უნდა ყოფილიყო, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პიგმენტი, მაგალითად, ავღანური ლაზურიტი, რომლისგანაც ხასხასა ლურჯს ამზადებდნენ — ოქროზე უფრო ძვირად ფასობდა.

საღებავში კვერცხის გულის ეფექტის ან მისი ნაკლებობის პირდაპირი მტკიცებულების ხილვა შესაძლებელია ლეონარდო და ვინჩის ტილოში „მადონა მიხაკით“; კვლევაში სწორედ ეს ნახატი შეისწავლეს ერთ-ერთი პირველი. ის ამჟამად მიუნხენშია გამოფენილი და აშკარად ჩანს შეჭმუჭნა ღვთისმშობლისა და ყრმის სახეზე.

„ზეთის საღებავები გაშრობას ზედაპირიდან იწყებს და სწორედ ამიტომ იჭმუჭნება“, — აღნიშნავს რანკე.

შეჭმუჭნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საღებავში არასაკმარისი პიგმენტი; როგორც კვლევამ აჩვენა, ამ ეფექტის თავიდან აცილება შესაძლებელია კვერცხის გულის დამატებით.

„საოცარია, რადგან საღებავში იყენებ იმავე ოდენობის პიგმენტს, მაგრამ კვერცხის გულის დამატება ყველაფერს ცვლის“, — ამბობენ მკვლევრები.

ვინაიდან დაჭმუჭნა რამდენიმე დღეში ხდება, სავარაუდოა, რომ ლეონარდოს და სხვა ძველ ოსტატებს ეს ეფექტი ძლიერ აწუხებდა და შემდეგ ზეთის საღებავში კვერცხის გულის დამატების სასარგებლო თვისებების შესახებ შეიტყვეს. „მადონა მიხაკით“ ლეონარდოს ერთ-ერთი პირველი ნახატია, რომელიც მან მაშინ შეასრულა, როდესაც ის ალბათ ჯერ კიდევ ცდილობდა ახლად გაპოპულარულებულ საღებავის ნაზავში დახელოვნებას.

კიდევ ერთი ნახატი, რომელიც კვლევაში შეისწავლეს, არის ასევე მიუნხენში გამოფენილი ბოტიჩელის „ქრისტეს დატირება“. ნამუშევარი ძირითადად ტემპერათია შესრულებული, მაგრამ ფონზე და ზოგიერთ მეორეულ ელემენტებში გამოყენებულია ზეთის საღებავიც.

„ვიცოდით, რომ ნახატების ზოგიერთ ნაწილში არის ზეთის საღებავისთვის დამახასიათებელი ფუნჯის შტრიხები, სადაც ცილების არსებობაც დავაფიქსირეთ. ძალიან მცირე რაოდენობისა და ძნელად დაფიქსირების გამო, ეს შეიძლება დაბინძურებად ჩაითვალოს: სახელოსნოებში ხელოვანები მრავალ სხვადასხვა რამეს იყენებდნენ და კვერცხი შეიძლება უბრალოდ ტემპერაში იყო გამოყენებული“, — ამბობს რანკე.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა სასურველი ეფექტიც ჰქონდა კვერცხის გულს ზეთის საღებავზე, ნამუშევარში ცილების არსებობა შეიძლება მიუთითებდეს მათ მიზანმიმართულ გამოყენებაზე. რანკე იმედოვნებს, რომ ასეთი პირველადი შედეგები ამ თემის ირგვლივ უფრო მეტ მკვლევარს მიიზიდავს.

შედეგებს ეთანხმება იტალიის პიზის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიის პროფესორი მარია პერლა კოლომბინიც, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

„ეს საოცარი ნაშრომი საღებავების ძველ მეთოდთა გაგების ახალ სცენარს გვთავაზობს. მკვლევართა ჯგუფმა საკითხი მოლეკულური დონიდან მაკროსკოპულ მასშტაბამდე შეისწავლა და ახალი ცნობები შესძინა კვერცხის გულისა და ზეთის გამოყენებას. ძველი რეცეპტების ისეთ საიდუმლოთა გამოაშკარავება სცადეს, რომელთა შესახებ თითქმის არსად არაფერი წერია“, — აღნიშნავს პროფესორი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.