აღმოჩენილია მსოფლიოში უდიდესი ოქროს საბადო, რომლის ღირებულება 80$ მილიარდია — #1tvმეცნიერება
ჩინური მედიის ცნობით, ცენტრალურ ჩინეთში მაღალი ხარისხის ოქროს შემცველობის საბადო აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 1000 ტონა ოქროა.
მარაგის ღირებულება დაახლოებით 83 მილიარდი აშშ დოლარია და შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდ და ძვირად ღირებულ რეზერვუარად ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ამ დროისათვის უდიდეს საბადოდ, 900 ტონა ოქროს შემცველობით ითვლებოდა მაღარო South Deep-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ხუნანის პროვინციის გეოლოგიური ბიუროს ცნობით, ოქროს 40 ძარღვი ხუნანის პროვინციის პინძიანის ოლქში აღმოაჩინეს, ზედაპირიდან ორი კილომეტრის სიღრმეში.
მხოლოდ ამ მონაკვეთში 300 ტონა ოქროა, მაგრამ როგორც 3D მოდელირება მიუთითებს, სამი კილომეტრის სიღრმეში არის დამატებითი მარაგებიც.
„მრავალ ნაბურღ ქანში ოქრო ხილულად იყო“, — ამბობს ბიუროს წარმომადგენელი.
ნაბურღი ნიმუშები მიუთითებს, რომ ყოველი კუბური მეტრი მადანი 138 გრამ ოქროს შეიცავს, რაც საოცრად მაღალი მაჩვენებელია ასეთ სიღრმეზე; მიჩნეულია, რომ მიწისქვეშა მაღარო მდიდარია, თუ მისი მადანი კუბურ მეტრზე რვა გრამ ოქროს შეიცავს.
ჩინეთი მსოფლიო ოქროს ბაზარზე ისედაც დომინირებდა. მისი რეზერვები 2024 წლის დასაწყისში 2000 ტონას აჭარბებდა და მის მოპოვებით ინდუსტრიაზე მოდის ოქროს მსოფლიო წარმოების დაახლოებით 10 პროცენტი.
ამ აღმოჩენის გაცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა ოქროს ისედაც მზარდი ფასი. ამ რესურსზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
ჩვენს პლანეტაზე არსებული ოქრო ვარსკვლავთა ბირთვშია წარმოქმნილი დედამიწის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. ადვილად მოპოვებადი ფორმის მიღებისთვის ამ ამოწურვად რესურსს ათასწლეულები სჭირდება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.