აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების საეკლესიო ლიდერი ქალის სამარხი დიდძალი ძვირფასეულობით — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების საეკლესიო ლიდერი ქალის სამარხი დიდძალი ძვირფასეულობით — #1tvმეცნიერება

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საგანძური, რომელიც შუა საუკუნეების ინგლისის ისტორიის იმ ხანმოკლე მონაკვეთზე გვიყვება, როდესაც წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები ერთმანეთს ერწყმოდა, ქალებს კი ეკლესიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

არტეფაქტები ინგლისის ქალაქ ნორთჰემპტონის მიდამოებში, 1400 წლის წინანდელ სამარხში აღმოაჩინეს; მეცნიერთა აზრით, ეს იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

2022 წლის 11 აპრილს, რვაკვირიანი გათხრებისას, პატარა სოფელ ჰარპოლში, არქეოლოგმა ლევანტ-ბენცე ბალაშმა მიწიდან ამოშვერილი რაღაც დაინახა. ეს გახლდათ ორი კბილის გვირგვინი, რაც სამარხზე მიუთითებდა.

„შემდეგ მიწიდან გამოჩენილმა ოქროს ორმა ნივთმა მომჭრა თვალი. ამ არტეფაქტებს დღის სინათლე უკვე 1300 წელიწადი არ ენახათ და პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ამდენი ხნის შემდეგ ისინი ნახა“, — ამბობს ბალაში.

მიწიდან და ტალახიდან ამობრჭყვიალებულ ოქროს არქეოლოგები ყოველდღე ვერ ხედავენ. როგორც ბალაში ამბობს, გათხრებში ის უკვე 17 წელია მონაწილეობს, მაგრამ ამ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული საგანი მან პირველად აღმოაჩინა.

მისმა ჯგუფმა მიწიდან ამოიღო რომაული მონეტების, ძოწის, მინისა და ნახევრად ძვირფასი ქვების 30-ნაწილიანი მდიდრული ყელსაბამი, რომელიც მათი აზრით, ამ სახის ყველაზე ძვირფასი ყელსაბამია ბრიტანეთში აღმოჩენილთა შორის.

ჩონჩხი, რომელსაც ის ეკეთა, დაშლილი იყო, გარდა კბილის ემალის რამდენიმე ფრაგმენტისა; თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყელსაბამებს თითქმის ყოველთვის მხოლოდ ქალების სხეულთან პოულობენ, სამართლიანია ვიფიქროთ, რომ ნეშტი მდიდარ, მაღალი რანგის ქალს ეკუთვნოდა.

ქალს საფლავში ასევე ჩატანებული ჰქონდა, მოზრდილი ვერცხლის ჯვარი, ორი დეკორირებული ქოთანი და სპილენძის არაღრმა თეფში.

ჯვარი დანაწევრებული იყო, მაგრამ მისი ფორმა საფლავის მიმდებარე ტერიტორიის რენტგენული სკანირებისას გამოჩნდა. ჯვარზე გამოსახული იყო ადამიანის უჩვეულო სახეები, რომლებმაც დროს გაუძლო.

სამარხში აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, რომ ქალი ახ. წ. დაახლოებით 630 – 670 წლებში ცხოვრობდა, როდესაც წარმართული და ქრისტიანული რწმენები ჯერ კიდევ ერთმანეთში იყო აღრეული.

„ცხედრების ბევრ ნივთთან ერთად დამარხვა წარმართული ჩვეულებაა, რამაც ძლიერი გამოძახილი ჰპოვა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში; სწორედ ამ პერიოდში მოხდა საკმაოდ სწრაფი ცვლილებები“, — ამბობს არქეოლოგი საიმონ მორტიმერი.

ნივთების მდიდრულობა და სიმბოლიზმი მიუთითებს, რომ ქალი მდიდარი ქრისტიანი წინამძღოლი იყო, მაგალითად, სააბატოს ხელმძღვანელი ან პრინცესა.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალი უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში, რომელსაც ეკლესიაში მაღალი თანამდებობა ეკავა.

„ეს გახლავთ ადრეული შუა საუკუნეების ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამარხი, რაც კი ბრიტანეთში აღმოუჩენიათ. ასეთი რამის პოვნა არქეოლოგთა ოცნებაა“, — ამბობს ბალაში.

ინგლისში მაღალი სტატუსის ქალების დაახლოებით კიდევ 12 სამარხია აღმოჩენილი, რომელთაგან ზოგიერთში ასეთივე ყელსაბამებს მიაგნეს. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანი თარიღდება ახ. წ. მე-7 საუკუნეზე ადრეული პერიოდით. უფრო ხშირია მაღალი სტატუსის კაცების სამარხები.

ქრისტიანობის მოძლიერებასთან ერთად, ყელსაბამების მსგავსი ძვირფასი ნივთების საფლავში ჩატანებამ იკლო, რადგან ეს უფრო ადრეულ ქრისტიანული ეკლესიას ახასიათებდა.

„ჰარპოლის საგანძური არტეფაქტების რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მდიდარი არ არის, მაგრამ ყველაზე მდიდარია ნივთების ღირებულების თვალსაზრისით“, — ამბობს ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის არქეოლოგი ლინ ბლექმორი.

სამარხის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.

მომზადებულია mola.org.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.