აღმოჩენილია 1700 წლის წინ ცუნამის მიერ განადგურებული რომაული ქალაქი
აღმოჩენილია 1700 წლის წინ ცუნამის მიერ განადგურებული რომაული ქალაქი

არქეოლოგებმა წყალქვეშ ნანგრევების ფართო ქსელი აღმოაჩინეს, რომელიც ძველრომაულ ქალაქ ნეაპოლისს ეკუთვნის. 1700 წლის წინ, ნეაპოლისი მძლავრმა ცუნამიმ შთანთქა. 

ზღვის სიღრმეში აღმოჩენილია ქუჩები, მონუმენტები და ავზები, რომლებშიც აწარმოებდნენ გარუმს — ფერმენტირებული თევზის სოუსს, რომელიც საკმაოდ პოპულარული საკმაზი იყო ძველ რომსა და საბერძნეთში; სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნეაპოლისის ეკონომიკაშიც.

ნეაპოლისის აღმომჩენ ექსპედიციაში შედიოდნენ ტუნისის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტისა და იტალიის სასარის უნივერსიტეტის მკვლევრები. ჯგუფი ქალაქს 2010 წლიდან ეძებდა, თუმცა მისი აღმოჩენა შესაძლებელი მხოლოდ ახლა გახდა, შესაფერისი ამინდის წყალობით.

„აღმოჩენის მნიშვნელობა უზარმაზარია. მკაფიოდ დასტურდება, რომ ნეაპოლისი გარუმისა და დამარილებული თევზის წარმოების მთავარი ცენტრი ყოფილა, სავარაუდოდ უდიდესიც მთელ რომაულ სამყაროში“, — უთხრა ჯგუფის ხემლძღვანელმა მუნირ ფანტარმა AFP-ს.

ჯგუფის განცხადებით, ნანგრევები 50 ჰექტარზეა გადაჭიმული და ნათლად ჩანს, რომ ახ. წ. 365 წელს ნეაპოლისი მიწისძვრით გამოწვეულ ცუნამს შთაუნთქავს.

ეს მოვლენა აღწერილი აქვს ძველრომაელ ისტორიკოს ამიანე მარცელინუსს. მიჩნეულია, რომ ამ ბუნებრივი კატასტროფის დროს ნაწილობრივ დაზიანდა ეგვიპტის ქალაქი ალექსანდრია და საბერძნეთის კუნძული კრეტაც.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სამეცნიერო ხელსაწყოები არ არსებობდა, ისტორიკოსები აღწერენ, რომ მიწისძვრის დროს დაფიქსირდა ორი რყევა, რომელთაგან უდიდესი, თანამედროვე გათვლებით 8 მაგნიტუდის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო. ეს კი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რათა კუნძული კრეტა 10 მეტრით აწეულიყო.

ნეაპოლისი ძვ. წ. მე-5 საუკუნეში დაარსდა. სახელი ბერძნულად „ახალ ქალაქს“ ნიშნავს. წყალქვეშა ძეგლი მდებარეობს თანამედროვე ტუნისის ქალაქ ნაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ნეაპოლისი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში.

აღმოჩენა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ წერილობითი წყაროები ნეაპოლისის შესახებ რომაულ ლიტერატურაში ძალიან მწირია, რადგან სავარაუდოდ, რომაელები ამ ქალაქს ღალატისთვის სჯიდნენ.

ძვ. წ. 149-146 წლებში, მესამე პუნიკური ომის დროს, ნეაპოლისმა კართაგენის მხარე დაიჭირა. საბოლოოდ, რომაელებმა გაიმარჯვეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს.

„ახლა უკვე დამანდვილებით ვიცით, რომ ახ. წ. 365 წელს, ნეაპოლისი მიწისძვრამ და ცუნამიმ გაანადგურა“, — უთხრა ფანტარმა   AFP-ს.

ექსპედიციის მყვინთავები