აღმასკომის წევრების ინიციატივით, ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურას წამოაყენებს #1TVSPORT
დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი პოსტზე კანდიდატურას კიდევ ერთხელ წამოაყენებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ პოსტზე წარმატებულად ვიმუშავე, აღმასკომის წევრების ინიციატივაა, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურა ისევ წამოვაყენო. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტშიც დავსვით საკითხი, რომ პრეზიდენტს ორზე მეტი ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გვითხრეს, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არის, რადგან ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია წლის ბოლომდე გაიმართება, მაგრამ კონკრეტულად როდის, ჯერ ვერ გეტყვით. ასევე ჯერ უცნობია, პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი იქნება, რადგან საამისოდ გარკვეული პროცედურებია გასავლელი“ – ამბობს ლერი ხაბელოვი.
ლერი ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ლერი ხაბელოვი 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი — ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ის 2012 წლიდან საქმიანობს.