ცნობილი ლატვიური კლუბი, რიგის „სკონტო“ აღადგინეს და მისი ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გიორგი გოგოლაშვილი გახდა. 20 წლის თავდამსხმელს საქართველოში არ იცნობენ, რადგან კარიერა პოლონეთის დაბალლიგელ „კარკონოზცეში“ დაიწყო, შემდეგ კი შვედეთის რეგიონული ლიგის „ჰარნოსანდში“ თამაშობდა.
„სამი კვირაა, რაც რიგის „სკონტოსთან“ კონტრაქტი გავაფორმე და სეზონისთვის ვემზადები. „სკონტო“ პირველ ლიგაშია. თუმცა, გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელმაც კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან გააფორმა და მიზნად დაგვისახა, რომ წელსვე უმაღლესში დავბრუნდეთ და ევროთასებზე ვითამაშოთ“, – ამბობს გოგოლაშვილი.
„სკონტო“ ახლო წარსულში ლატვიის საუკეთესო გუნდი და ქვეყნის ნაკრების მთავარი მომმარაგებელი იყო. რიგელებს ეკუთვნით ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატების რეკორდი – გუნდი ჩემპიონი 14-ჯერ გახდა. 2016 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჩემპიონატში თამაშის ლიცენზია არ მისცეს და გუნდი გაკოტრდა. სხვადასხვა პერიოდში „სკონტოს“ ფორმით ბევრ ქართველს უთამაშია, ორჯერ კი ქართველი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა – რევაზ ძოძუაშვილი და თამაზ პერტია.