აგარის ქარხნის თანამშრომლები სახელმწიფო ადმინისტრაციასთან აქციას გეგმავენ
აგარის ქარხნის თანამშრომლები სახელმწიფო ადმინისტრაციასთან აქციას გეგმავენ

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას დღეს სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის წინ გეგმავენ. მათ დაბიდან ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ამ დროისთვის უკვე თბილისში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია, მიზეზად კი კომპანია „აზერსუნი“ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.

აქციას გაერთიანებული პროფკავშირები და დაბა აგარის მოსახლეობაც უერთდება. საპროტესტო აქცია კანცელარიასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი.