აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ
აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობას მართავენ. მათი ნაწილი აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ კითხვაზე, როგორ არჩინონ ოჯახები სამსახურის გარეშე. მსვლელობაში პროფკავშირების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეები „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია, მიზეზად კი კომპანია „აზერსუნი“ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.

საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია.