„აფხაზეთის მეომართა კავშირი“ – გია ბარამიძის განცხადება მოღალატეობრივია, პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს პატივს, ღირსებას, ვერაგულად ამახინჯებს სინამდვილეს
გია ბარამიძის შეფასება ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება – 9 წელი“ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და თავიანთ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.
ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!
განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.
ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.
ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხედრო როლის მორალურად გამართლების გზით.
აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული!“ – ნათქვამია „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზეთის მეომართა
კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია.