აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზუგდიდში 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სურსათი გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზუგდიდში 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სურსათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 3 000-მდე დევნილს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადაეცემა. დღეს სურსათი, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბენეფიციარებს დაურიგდათ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

პირველადი სასურსათო პროდუქტი სხვადასხვა დასახლებაში მყოფ დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, რწმუნებულის მოადგილეებმა ნინო ვიბლიანმა, დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო პროდუქტის დარიგება მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

აფხაზეთის მთავრობა აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.