აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველ არხს რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატიდან აცნობეს.

ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

„ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს შეატყობინებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

ზაურ გურჩიანის ოჯახი დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და სოზარ სუბარს, რომლებმაც პირველივე წუთებიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა ზაურ გურჩიანი საკუთარ ოჯახს უვნებლად დაბრუნებოდა“, – აცხადებენ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატში.

მათივე ცნობით, ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომი დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს. მათი ნათესავები დღესაც იმყოფებიან აფხაზეთის სოფელ აჟარაში, სწორედ მათთან მიდიოდა პერიოდულად ზაურ გურჩიანი.