აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ხვალ თბილისში აქცია გაიმართება
აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ხვალ თბილისში აქცია გაიმართება

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია ხვალ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სახლი ავრცელებს, რომელიც აქციის ორგანიზატორია.

„29 მაისს ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან. გვსურს, ამ დღეს შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტთან და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, რომელიც ზრუნავს ადამიანების უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. საქართველოში მომხდარი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მხრივ”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებაში.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. მისი განცხადებით, ის თბილისში, თავის სახლთან ახლოს, საქართველოს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ოთხმა ადამიანმა გაიტაცა, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ აფგანი აზერბაიჯანში იყო დაპატიმრებული.

აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად ედება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზღვარზე თანხის არადეკლარირებულად გადატანა, რისთვისაც მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.