აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცავმა უწყებებმა დიდი თეატრის, სასტუმრო „მეტროპოლისა“ და სავაჭრო სახლ GUM-ის დაცლის გადაწყვეტილება ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე მიიღეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან და სასტუმრო „მეტროპოლიდან“ 5000-მდე ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცველების განცხადებით კი, დაცლილია მოსკოვის დიდი თეატრიც.

როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება, თეატრში ევაკუაცია წარმოდგენის დაწყებამდე გამოცხადდა.

მსგავსი მუქარის შემცველი ზარების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში სავაჭრო ცენტრების, რკინიგზის სადგურებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ევაკუაცია გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მუქარა საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ანონიმურ ზარებზე ჯერჯერობით არავის დაკისრებია.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, მუქარის შემცველი ზარების უკან საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას. მაღალჩინოსნის ცნობით, ეჭვმიტანილებს მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზეც ჰყავთ.