აეროპორტსა და ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა
აეროპორტსა და ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, 17 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

ბანკის ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ.

კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად ახდენდნენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

„მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ კურსი საყურადღებოა, თუ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მოქმედი წესებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე წელს სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს – 2 406 406 ან გაუგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება: [email protected]