აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთიდან საქართველოში 68 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო აქედან დღესვე გაემგზავრა 182 პირი
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთიდან საქართველოში 68 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო აქედან დღესვე გაემგზავრა 182 პირი

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა პირდაპირი ავიარეისი, რომელსაც 68 მგზავრი ჩამოყვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნანა ბარამიძემ განუცხადა.

ამასთან, ნანა ბარამიძის თქმით, ამავე თვითმფრინავით ყაზახეთში 182 მგზავრი გაფრინდა, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანი.

„წინასწარო ინფორმაციით, რასაც ავიაკომპანიები გვაწვდიან, ​ხვალ აქტაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება ფრენა. ჯერჯერობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა ზომის საჰაერო ხომალდით შესრულდება ფრენა, ამიტომ მგზავრების ზუსტ რაოდენობას ვერ ვიტყვით. მაგრამ დანამდვილებით გვეუბნებიან, რომ ხვალ უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება დაგეგმილ ფრენებს, რეგულარული ფრენები ზის განრიგში, დაგეგმილია, უბრალოდ, არ ვიცით, რამდენად შესრულდება. საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტი სრულ მზადყოფნაშია, რომ მიიღოს ფრენები ყაზახეთიდან, თუ ნებისმიერი ქვეყნიდან. ფრენების გადადებასა და არგადადებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს, ამაზე ავიაკომპანიებმა უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა ნანა ბარამიძემ.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღევანდელი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო ქალაქ აქტაუდან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.