აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი და აღდგენილი ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი და აღდგენილი ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი და აღდგენილი ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, პირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. კერძოდ, 16 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე სამი ქალაქის: ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და 31 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები 2 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის სამი განახლებული და ერთი სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

„მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ცხრაწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე, კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში Wizz Air-ის ტოპმენეჯმენტის სამუშაო შედგა. ვიზიტის შედეგად, ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ ოთხი მიმართულება დაემატება.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.