აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე განცხადებს ავრცელებს
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე განცხადებს ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათ-ნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. მგზავრის სამედიცინო შემოწმება ადგილზე გაჭირდა, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობა ექიმის კაბინეტშიც გაგრძელდა. მგზავრს თან ახლდა დედა და 8 წლის და, რომელთან ერთადაც მიფრინავდა ათენში. მშობელმა და გამცილებლებმა ვერ შეძლეს მისი დამშვიდება.

ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე (რადგან ის საერთაშორისო ენაა და ვალდებულია ინგლისური ენა ხომალდის მეთაურმა იცოდეს), რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის. ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „ვიზეართან“ შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.
აუტისტური სპექტრის მქონე ექვსი წლის ბავშვის დედა ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციას მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.