ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ელგუჯა ჩხაიძე და ონისე მარდიანი არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ელგუჯა ჩხაიძე და ონისე მარდიანი არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის დამარცხებული კანდიდატები ელგუჯა ჩხაიძე და ონისე მარდიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ და დავით ასათიანს გამარჯვებას ულოცავენ.

„არ უნდათ აღიარება დამარცხებულებს, მაგრამ დავით ასათიანმა მიიღო იმდენად მაღალი ხმა, რომ მე მგონია, რომ არც ერთ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. დავით ასათიანმა სამჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა კანდიდატმა. მინდა მივულოცო დავით ასათიანს გამარჯვება. ასათიანი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ევროპაშიც, ადვოკატთა ასოციაციის ავტორიტეტის ასამაღლებლად“,- განაცხადა ადვოკატმა ასოციაციის წევრმა ელგუჯა ჩხაიძემ.

ელგუჯა ჩხაიძემ და ონისე მარდიანმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ლანჩავას მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასეს.

ისინი დავით ლანჩავას ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და პროვოკაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.

დავით ლანჩავამ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ სპორტის სასახლეში საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის მიზნით შუქი გაითიშებოდა.

„კომისიამ ჩათვალა, რომ არჩევნები ლეგიტიმურია. მე ვადასტურებ, რომ არჩევნების შედეგები იყო ლეგიტიმური, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები პროვოკაციების პარალელურად მიმდინარეობდა. კერძოდ დავით ლანჩავას განცხადება სიმართლე არ გამოდგა და შუქი არ ჩამქრალა სპორტის სასახლეში. მან და მისმა მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთები მოაქციეს ალყაში და მოითხოვეს დალუქვა, ყუთები დაუყონებლივ დაილუქა. სწორედ ამ არეულობამ გამოიწვია პანიკა. თუმცა არჩევნების შედეგებზე ამ პროვოკაციულ ქმედებას რეაქცია არ მოუხდენია“,- განაცხადა ადვოკატმა ასოციაციის წევრმა ონისე მარდიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის დამარცხებული კანდიდატები ელგუჯა ჩხაიძე და ონისე მარდიანი თვლიან, რომ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.