ადვოკატთა ასოციაცია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ადვოკატთა კორპუსიდან წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერს მხარს
ადვოკატთა ასოციაცია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ადვოკატთა კორპუსიდან წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერს მხარს

ადვოკატურა პროკურატურის პროცესუალური ოპონენტია, ამის გამო, მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხში ნაკლებად ვაქტიურობთ,  – ამის შესახებ  ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ასოციაციამ თავი შეიკავა კანდიდატის დასახელებისგან, თუმცა საპროკურორო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავს.

„აღსანიშნავია, რომ ადვოკატურა არის პროკურატურის პროცესუალური ოპონენტი, ჩვენ არ ვართ არასამთავრობო. ამის გამო, ნაკლებად ვაქტიურობთ პროკურორის შერჩევის საკითხში. თუმცა გვყავს საპროკურორო საბჭოში ჩვენი წარმომადგენელი. უპირატესობას ვერავის მივანიჭებთ, ჩვენ თავი შევიკავეთ ოფიციალურად კანდიდატის ნომინირებისგან. მხარს დავუჭერთ ადვოკატთა კორპუსიდან წარდგენილ ყველა კანდიდატს. თუ ამ პოსტზე შეირჩევა სამი კვალიფიციური იურისტი, შევხვდებით, იქნება დისკუსია, გავიგებთ მიზნებს, იდეებს და მათ სამოქმედო გეგმებს“, – განაცხადა ასათიანმა.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა. ამ დროისთვის, კანონით გაწერილი წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭოში დღეისთვის ამ თანამდებობაზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი.